კანონის ხელახლა ინიცირების და დამტკიცების გამო უკიდურესად პოლარიზებულია გარემო.
ბულინგმა, სიძულვილის ენამ, თავდასხმებმა და მუქარის შემცველმა ქმედებებმა სისტემატური ხასიათი მიიღო. ოპოზიცია ხელისუფლებას კანონის მოწინააღმდეგეებზე ძალადობის ორგანიზებასა და რეპრესიებში ადანაშაულებს. ამ კონტექსტში განიხილება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე მომხდარი თავდასხმა, ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმები და მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები. ოპონენტები გამოუძიებელ ფაქტებზეც მიუთითებენ. კონტრბრალდებები ისმის მეორე მხრიდანაც. მმართველი გუნდი ოპოზიციის და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ კამპანიად განიხილავს იმ თავდასხმებს, რომელთა სამიზნე ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ უკვე არაერთი დეპუტატი გახდა. სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და ძალადობას შორის – აგრესია და რადიკალიზმი შესუსტების ნაცვლად სულ უფრო იზრდება.