მთაწმინდის მოსახლეობას პარლამენტში ახალი წარმომადგენელი ეყოლება. შუალედური არჩევნების მეორე ტური ლადო კახაძის სასარგებლოდ დასრულდა. მას ხმათა 61.83 % ერგო. მარცხის აღიარების მიუხედავად, 9 ივნისს ჩატარებული არჩევნები ოპოზიციონერი კანდიდატის გუნდის მხრიდან მაინც მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. ოპოზიცია კენჭისყრის პროცესის დროს გამოვლენილ დარღვევებზე მიუთითებს და საარჩევნო უბნებთან კრიმინალური სამყაროს წევრთა მობილიზებაზე აკეთებს აქცენტს.
ბრალდებების ფონზე მმართველი გუნდი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის იწყებს მზადებას. გუნდში მოსალოდნელი მასშტაბური ცვლილებები და შემადგენლობის განახლება დღეს კიდევ ერთხელ დაანონსდა. პარტიის თავმჯდომარის მონაწილეობით გამართული დღევანდელი სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გუნდის და პროგრამის განახლების მიზნით „ქართულ ოცნებაში“ შიდა კონსულტაციები უკვე დაიწყო.