საქართველოში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობისთვის სასჯელი გამკაცრდება.
ინიციატივით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოდის. საკანონდებლო ცვლილებების პაკეტი დღეს სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს. სასჯელის გამკაცრებასთან ერთად ცვლილების მიხედვით მსჯავრდებულს ჩამოერთმევა სამოქალაქო უფლებები. მათ შორის არ ექნება საგანმანათლებლო და აღმზრდელობით დაწესებულებებში მუშაობის უფლება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივის გათვალისწინებით შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, რომლის მიზანი სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლი და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისაგან არასრულწლოვნების დაცვა იქნება.