შსს-ს ახალი სამაშველო ვერტმფრენი გადმოეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ახალი ვერტმფრენი გადმოეცა. თანამედროვე ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი, ფრანგული კომპანია Airbus Helicopters ერთ-ერთი უახლესი მოდელია. ახალი ბორტები სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ ორი ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის სასწავლო აკადემიაში გადიან. მომზადების კურსი 15 მარტს დასრულდება, რომლის შემდგომაც, ქართული ეკიპაჟის მიერ ვერტმფრენის საქართველოში ტრანსპორტირება განხორციელდება.

2022 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება გაფორმდა ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან სამი H145 ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით. შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება.