საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-ს მთავრობამ „აილენდის“ კლასის ორი სადარაჯო ხომალდი გადასცა.
ხომალდების გადმოცემის ცერემონია ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიმართა. „აილენდის“ კლასის ხომალდები – „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“ გამორჩეულია თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით, აღჭურვილია თანამედროვე სანავიგაციო და კავშირგაბმულობის სისტემებით.
აღნიშნული ხომალდები მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის ოპერაციულ შესაძლებლობებს, გაზრდის ქვეყნის სანაპირო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხს, ამასთან, ქართულ მხარეს შესაძლებლობა ექნება, საერთაშორისო საზღვაო მისიებსა და შავი ზღვის აუზის პარტნიორი ქვეყნების საწვრთნელ პროგრამებში მონაწილეობა მიიღოს.
ახალი ხომალდების ეკიპაჟის წევრებმა, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამზადების სპეციალური, 10-კვირიანი პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბალტიმორის ბაზაზე გაიარეს.