შსს პოლიციელებზე თავდასხმას იძიებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელებზე თავდამსხმელთა იდენტიფიცირებას ცდილობს.

უწყების ინფორმაციით, 7 და 8 მარტს განვითარებული მოვლენების დროს მათი 58 თანამშრომელი დაშავდა. სამინისტრომ სამართალდამცავებზე თავდასხმების და მათი მისამართით აალებადი საშუალებების და სხვა ნივთების სროლის ამსახველი კადრებიც გაასაჯაროვა და დემონსტრანტების მისამართით ცრემლსადენი გაზის, წიწაკის სპრეის და წყლის ჭავლის გამოყენების მიზეზები განმარტა. პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტებს პროვოკაციად აცხადებს ოპოზიციის ნაწილი და ამ ბრალდებით რომელიმე დემონსტრანტის დაკავების შემთხვევაში, უწყებას რეაგირებით ემუქრება. ოპოზიცია, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, სამართალდამცავებს უფლებამოსილების გადამეტებაში და ძალის პროპორციული გამოყენების დარღვევაში ადანაშაულებენ.