შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე ორი მოქალაქე წყნეთში დააკავეს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ დაგეგმეს მკვლელობა, რისთვისაც მათ უკანონოდ შეიძინეს იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ჩაუსაფრდნენ ნიკოლოზ კვარაცხელიას. ასევე დადგინდა, რომ აკო ჭელიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან კვარაცხელიას მიმართულებით ათზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან ნაქირავები ავტომანქანით გიორგი კავილაძესთან ერთად მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნიკოლოზ კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს