საშობაო ლიტურგია ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურება პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღავლინა. არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა კი მრევლს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაუკითხა. მისმა უწმინდესობამ ეპისტოლეში ყურადღება გაამახვილა იესო ქრისტეს შობის მნიშვნელობაზე და მსოფლიოს ცხელ წერტილებში: უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა ისურვა. პატრიარქმა დალოცა საქართველო, აღნიშნა თვითმკვლელობის ცოდვის სიმძიმე და მრევლს შეახსენა, რომ გამოსავალი ყველა რთული სიტუაციიდან არსებობს.