შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და სიცრუეს უწოდებს ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გასულ რეპორტაჟს, სადაც საუბარი იყო რუსული საზღვაო პორტებიდან, სავარაუდოდ, ახლო აღმოსავლეთში და „ჰამასისთვის“ საიდუმლო ტვირთების მიწოდებაზე. ამისთვის კი თითქოსდა გამოყენებული იყო ქართული პორტები. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი ეფექტიანად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მუდმივად ხდება მონაცემთა გაცვლა და კომუნიკაციის წარმოება. სამინისტროს ცნობით, რეპორტაჟში მოყვანილი განმარტებები სიმართლეს არ შეესაბამება და საქართველოს სახელმწიფო უწყებების და მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.