შეთანხმება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. მას ხელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა მოაწერეს. ცერემონიაში, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართა, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრებმა მონაწილეობა ვირტუალურად მიიღეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გაფორმებული შეთანხმება მტკიცე საფუძველს უყრის ორ ქვეყანას შორის უფრო მყარი და კონსოლიდირებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის საამიროს მმართველმა შეიხმა, მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა კი აღნიშნა, რომ გაფორმებული შეთანხმება ახალი საეტაპო მოვლენა იქნება არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს ურთიერთობაში.