ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში გამართულ კენჭისყრას პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ანგარიშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში პოლიტიზებული მართლმსაჯულებაა. რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ პროექტში შეტანილ ცვლილებებს არ იზიარებენ და რომ დოკუმენტში წარმოდგენილი ცვლილებები სუბიექტურია. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ სვენ მიქსერის ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო.
მიღებულ კომპრომისულ ვარიანტში აღარ გვხვდება ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება აღარ არის დასახელებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად. თუმცა, ანგარიშში ნახსენებია დეოლიგარქიზაცია და ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ასევე არის მოთხოვნა, რომ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და მიეცეს მას სათანადო მკურნალობის ჩატარების საშუალება. ევროპარლამენტარები რეზოლუციის საბოლოო ვერსიას პლენარულ სესიაზე დეკემბერში მიიღებენ.