შეხვედრა საზოგადოებრივ მაუწყებელში

საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე მენეჯმენტი პროფკავშირებსა და იმ თანამშრომლების ნაწილს შეხვდა, ვისაც ხელშეკრულების ცვლილება შესთავაზეს.

მენეჯმენტის განმარტებით აღნიშნული გადაწყვეტილება ახალი სეზონის ეფექტიანად წარმართვის მიზნით მიიღეს. თანამშრომლების ნაწილი კი შეცვლილი კონტრაქტით გამოძახების შემთხვევაში გადასაღები დღეების ოდენობის მიხედვით მიიღებს ანაზღაურებას. გამოძახება საჭიროების მიხედვით მოხდება.

წინადადება თანამშრომლებისთვის და  პროფკავშირებისთვის მიუღებელია. ისინი აცხადებენ, რომ შეთავაზება პრაქტიკულად სამსახურიდან გათავისულფებას უდრის, ვინაიდან არსად კონკრეტდება, თუ მინიმუმ რამდენი დღით მოხდება თანამშრომლების გამოძახება სამსახურში. ასევე მათთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმებით მოხდა იმ თანამშრომლების შერჩევა, ვისაც ცვლილება ეხება. პროფკავშირები იმ ვადის გადაწევას მოითხოვდნენ, რომელიც შეთავაზებაზე ხელმოსაწერად დღეს იწურება, მხარეებმა მომავალი შეხვედრების მზადყოფნაც გამოთქვეს, თუმცა შეთანხმება არ შედგა.

შეთავაზების მიხედვით, ახალი პირობების არ მიღების შემთხვევაში მაუწყებელი იტოვებს უფლებას, კომპენსაციის გადახდით, დასაქმებულს ხელშეკრულება შეუწყვიტოს. პროფკავშირების თავმჯდომარე ნინო ზაუტაშვილი აცხადებს, რომ საკითხი სასამართლო განხილვის საგანი გახდება. მაუწყებლის თავმჯდომარემ კი თანამდებობა უნდა დატოვოს.