დღის ცენტრებში მომსახურება იყო მორიგი შეხვედრის თემა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა. უწყებაში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება. მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამომავლო გეგმების, საჭიროებებისა და მომავალი წლის ბიუჯეტის განსაზღვრის მიზნით, დღის ცენტრების მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქცენტი გაკეთდა დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ასევე, განიხილეს სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების პროცესში გამოვლენილი გამოწვევები და მათი დაძლევის შესაძლო გზები. როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა უფლებების დაცვა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.