საქართველოს კულტურის სამინისტროში გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით, რამდენიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული. თეა წულუკიანი მოადგილეებთან ერთად, არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე იუნესკოს ექსპერტისთვის გასაგზავნი დოკუმენტაციის ნუსხის შედგენის გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ექსპერტს საქართველოში ჩამოსვლამდე გაეგზავნება. ასევე, გადაწყდა, რომ შეიქმნება სპეციალისტთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც გელათის ტაძრის დაზიანებული მხატვრობის პრევენციულ კონსერვაციას მოახდენს.
ამასთან, სხვადასხვა ენებიდან ითარგმნება და ქართულად გამოიცემა უცხოური, ან ხელახლა გამოიცემა ქართული წიგნები, რომლებიც მოძველებულია ან ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს და რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს სახელმძღვანელოებად არქიტექტორ-რესტავრატორებისთვის.
შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სამინისტროსთან არსებული არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფიდან შეირჩევა რამდენიმე სპეციალისტი, რომელთაგან შედგება შესაბამისი კომისია. სწორედ მათთან გაივლიან გასაუბრებას ოსტატები, რომელთა განაცხადების მიღება სამინისტრომ უკვე დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება.