შეხვედრა განათლების საკითხებზე

განათლების სამინისტროს წარმომადგენლები სასკოლო საზოგადოებას შეხვდნენ – დისკუსია მწერალთა სახლში გაიმართა. ისაუბრეს უწყების მიერ მომზადებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალ პროექტზე. აღნიშნული გულისხმობს ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნას.

პროექტი საჯაროა და ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, განათლების სამინისტროს საკუთარი რეკომენდაციები მიაწოდოს. განხილვის შემდეგ უწყება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტის საბოლოო ვერსიას ჩამოაყალიბებს, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი 2004 წელს დამტკიცდა და 20 წლის განმავლობაში არ შეცვლილა.