არჩევნების დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავებულ პოლიტიკურ ვითარებას ადგილზე ეცნობა ამერიკელი მაღალჩინოსანი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე პოლიტიკურ ლიდერებს დილიდან ამერიკის ელჩის რეზიდენციაში იღებდა. როგორ უნდა შემცირდეს პოლარიზაცია და სად არის შექმნილი მძიმე პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსავალი, – ეს დღის წესრიგის მთავარი თემა იყო, რაზეც შეხვედრის მონაწილეებმა ამერიკელ მაღალჩინოსანს საკუთარი ხედვები და მოსაზრებები გააცნეს. ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილს ხელისუფლებაზე ზეწოლის მთავარ ინსტრუმენტად პერსონალური სანქციების დაწესება ესახება. ერიკა ოლსონს შეხვდნენ მესამე სექტორის წარმომადგენლებიც. პოლიტიკური პროცესების გარდა არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს სასამართლო სფეროზეც ესაუბრნენ და ძირეული რეფორმების საჭიროებაზე გააკეთეს აქცენტი.