შეხვედრა აშშ-ის ელჩთან

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალდანიშნულმა ელჩმა, რობინ დანიგანმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, რის შემდეგაც მინისტრსა და ელჩს შორის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა საქართველოსა და ამერიკას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. აღინიშნა ყველა პრიორიტეტულ სფეროში, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ოთხივე მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა.

რობინ დანიგანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა. ამერიკის ელჩს ინფორმაცია მიეწოდა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესზე.