კოალიციის, – „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის,“ – წევრები საპარლამენტო ფრაქციებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. მესამე სექტორმა რამდენიმე დღის წინ მანიფესტის ტექსტიც გაასაჯაროვა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დატოვონ იმ
მოსამართლეებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ლევან მურუსიძის და მიხეილ ჩინჩალაძის უვადოდ გამწესებას. ასევე უნდა გაიწეროს ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატები უნდა შეირჩნენ. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სრულად ეთანხმებიან მესამე სექტორის ამ პოზიციებს. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მართლმსაჯულების კუთხით თავადაც აქვთ არაერთი მოთხოვნა. დღესვე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას იმ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც 27 იანვარს პარლამენტში გაიმართება.