უკრაინა შობის დღესასწაულს ავტოკეფალიის მინიჭებით შეხვდა.
ტომოსი დამოუკიდებელი ეკლესიის ჩამოყალიბების შესახებ მსოფლიო პატრიარქმა კიევისა და უკრაინის მიტროპოლიტს გუშინ სტამბოლში, წმინდა გიორგის ტაძარში გადასცა.
აღიარებს თუ არა ქართული ეკლესია უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ ოფიციალური განცხადება საპატრიარქოს ჯერ არ გაუკეთებია. სასულიერო პირები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას სინოდის უახლოეს სხდომაზე მიიღებენ.
ჯერჯერობით უცნობია, მიულოცავს თუ არა საქართველოს მთავრობა ისტორიულ გადაწყვეტილებას უკრაინის ხელისუფლებას. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება საპატრიარქოსთან მსჯელობის შემდეგ გაკეთდება.
რუსეთის 330-წლიანი რელიგიური კონტროლის შემდეგ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიას რუსეთის ეკლესია არ ცნობს.