საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მზადებისას და ღონისძიების დღეს დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება. მოძრაობა აკრძალულია თავისუფლების მოედანზე და მიმდებარე – დადიანის, კოტე აფხაზისა და ლეონიძის ქუჩებზე, ასევე პირველი რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე.
ავტომანქანების მოძრაობა ასევე აკრძალულია მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელ პანდუსზე და ავტოსატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას შეძლებენ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები კი, ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებენ მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.
ავტომანქანები, რომლებიც გადაადგილდებიან მთაწმინდის მიმართულებით, იმოძრავებენ მელიქიშვილის ქუჩაზე, პეტრიაშვილის ქუჩის გავლით, საიდანაც მოძრაობას ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით გააგრძელებენ.