რუსეთის გადაწყვეტილება და მძიმე რეაქციები აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან.
მოსკოვი ერთი წლის წინ თურქეთის შუამავლობით და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ხელმოწერილი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გავიდა. ეს ნიშნავს, რომ ღარიბი ქვეყნების მარცვლეულით მომარაგება კვლავ საფრთხის წინაშე დგება. თურქეთს, უკრაინას, რუსეთს და გაერო-ს შორის 2022 წლის ივლისში გაფორმებული შეთანხმებით, საზღვაო ბლოკადა მოიხსნა და უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მსოფლიო ბაზრებზე უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი განახლდა, თუმცა ერთი წლის განმავლობაში რუსეთმა საკუთარი პროდუქტების სავაჭრო დაბრკოლებების შესახებ არაერთხელ განაცხადა, შეთანხმებიდან გასვლის საბოლოო მიზეზად კი დოკუმენტის რუსული ნაწილის დარღვევა დაასახელა. მოსკოვი საერთაშორისო შეთანხმების პირობების სრულად შესრულებას ითხოვს, დასავლეთი კი რუსეთს მძიმე ფასის გადახდით ემუქრება. შეთანხმების განახლების მიზნით ერდოღანი რუსეთთან მოლაპარაკებას აანონსებს.