„შავი პოლკოვნიკი“, „საჰაერო ხულიგანი“ – ეს ზედმეტსახელები ქართველ მფრინავს, პოლკოვნიკ ჯიმშერ მაისურაძეს 1992-93 წლებში აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებებისას შეარქვეს, თუმცა მისი ნაფრენი საათების ათვლა ბევრად ადრე, ზებგერით თვითმფრინავებზე დაიწყო.
ჯიმშერ მაისურაძე მფრინავობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და ამ ოცნებაზე უარი არასოდეს უთქვამს. სკოლის დამთავრების შემდეგ საავიაციო სასწავლებელში ჩაირიცხა და კარიერა ზებგერით თვითმფრინავებზე ფრენით დაიწყო. თუმცა, კატაპულტირებისას მიღებული ტრავმის გამო, იძულებული გახდა კვალიფიკაცია შეეცვალა და ვერტმფრენის ეკიპაჟის მეთაურად ციმბირში, ურთულეს პირობებში ეფრინა.
ციმბირიდან საქართველოში 80-იან წლებში დაბრუნდა, სადაც, სულ მალე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა დაიწყო და ჯიმშერ მაისურაძეც ამ მოძრაობას შეუერთდა. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა მოგვიანებით ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში გადაიზარდა და გამოცდილი მფრინავიც თანამოაზრეებთან ერთად ფრონტის წინა ხაზზე წავიდა, თუმცა, აქ იყო ერთი „მაგრამ“ – მფრინავ მაისურაძეს ვერტმფრენი არ ჰყავდა.
დღეს მისი მეუღლე და მეგობრები უკვე ღიმილით იგონებენ, თუ როგორ მოიპარა ჯიმშერ მაისურაძემ რუსეთის შეიარაღებული ძალების ბალანსზე მყოფი ვერტმფრენი თელავის სამხედრო ბაზიდან, თუმცა, დამეთანხმებით, ვერტმფრენის მოპარვა მაშინაც და ახლაც, სახუმარო სულაც არის.
სამაჩაბლოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, მაისურაძემ სამსახური ეროვნულ გვარდიაში განაგრძო და აფხაზეთის ფრონტზე ის უკვე გვარდიის სამმართველოს საავიაციო პოლკს ხელმძღვანელობდა. მაშინ შეიარაღებაზე მხოლოდ სამი „მი-24“ ირიცხებოდა. პოლკოვნიკი მაისურაძე სწორედ ამ ვერტმფრენებით დაფრინავდა. დავალებიდან დაბრუნებული მეთაურისთვის მეორე ვერტმფრენი უკვე საბრძოლო მზადყოფნაში უნდა დაეხვედრებინათ, რომ მას კიდევ ერთი გაფრენა განეხორციელებინა – დღეში ის რვა-ცხრა საათს დაფრინავდა. საბრძოლო ფრენებიდან დაბრუნებულ მეთაურს ახალბედა მფრინავები სასწავლო ფრენებზე მიჰყავდა და ხშირად, ასეთი სასწავლო ფრენები ისევ საბრძოლოში გადაზრდილა. „შავი პოლკოვნიკი“ , როგორც მას მოწინააღმდეგე მოიხსენიებდა, თანამებრძოლებისთვის „სასწაული მეთაური“ იყო და გადარჩენილი მფრინავები დღესაც ამაყად გეტყვიან, რომ პოლკოვნიკ მაისურაძესთან ერთად ფრენა მათი კარიერის ყველაზე საამაყო ეპიზოდია.
საამაყოა ისიც, თუ თანაბრად მისაბაძი ხარ თანამებრძოლებისთვის და ოჯახის წევრებისთვისაც და პოლკოვნიკიც, ალბათ, ამაყი იყო, როდესაც გაიგო, რომ მისი ვაჟებიც ფრონტის ხაზზე მოხალისეებად „გაიპარნენ“ საბრძოლველად და რადგანაც ომში ცნობილი მეთაურის შვილები, როგორც მათ უწოდებენ, „პრიორიტეტული სამიზნეა“, მაისურაძეს რამდენჯერმე მოუწია ორი არასრულწლოვანი ვაჟის ფრონტის ხაზზე მოძებნა და შინ დაბრუნება.
1992 წლის 26 დეკემბერს პოლკოვნიკმა მაისურაძემ დილთ, ადრე, საბრძოლო დავალება მიიღო. გაფრენამდე ბორტ-ინჟინერი დატოვა და დაუბარა, მეორე ვერტმფრენი გამზადებული დაეხვედრებინა და მფრინავ-ოპერატორთან – მერაბ გელაშვილთან ერთად გაფრინდა. მომდევნო საბრძოლო ფრენიდან კი პოლკოვნიკ მაისურაძის ბორტი აღარ დაბრუნებულა.
ორი დღით ადრე, 1992 წლის 24 დეკემბერს, თბილისში, სახელმწიფო ჯილდოების შესახებ კანონი მიიღეს, რომლის თანახმადაც, ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, თავდადებისა და თავგანწირვისთვის ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენით ჯილდოვდებოდნენ. მომდევნო დღეს, 25 დეკემბერს გაიცა ამ ორდენის პირველი მოწმობაც და ის პოლკოვნიკ ჯიმშერ მაისურაძეს მიენიჭა. დღეს უკვე ძნელი სათქმელია, იცოდა თუ არა მან ამის შესახებ, ერთი, რაც დანამდვილებით ვიცით ის არის, რომ ორდენი სერიული ნომრით – 00001 – მისი გარდაცვალების შემდეგ გადაეცა ოჯახს.