„ევროკავშირმა უნდა გამოიჩინოს მეტი პატივისცემა განვითარებადი ქვეყნების მიმართ, რომლებთანაც სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებები აქვს ხელმოწერილი“ – განაცხადა შარლ მიშელმა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ „ბრიქსის“ სამიტზე არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს დანარჩენი მსოფლიოსთვის ჭკუის სწავლება. მისივე თქმით, განვითარებადი ქვეყნებიდან ბევრს სურს საკუთარი ეკონომიკური და უსაფრთხოების ალიანსების დივერსიფიკაცია, ჩინეთსა და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება, თუმცა ევროკავშირს სჭირდება ახალი მიდგომა მათ მისაზიდად. მან გაიხსენა 2022 წელს აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრა, რომელმაც თქვა: „როდესაც თქვენ, ევროპელები, მოდიხართ ჩემს ქვეყანაში, თქვენ ტოვებთ გაკვეთილებს. როდესაც ჩინელები მოდიან, ისინი ტოვებენ ინფრასტრუქტურას“. შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირი იყენებს სიტყვებს „ყვითელი ბარათი“ ან „წითელი ბარათი“, რაც რეალურად დამამცირებელია, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ერთდროულად არიან მოთამაშეც და მსაჯიც.“