შარლ მიშელის გზავნილებმა პოლიტიკური სპექტრი ისევ ორ ნაწილად გაყო.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ პრემიერთან და ოპოზიციის ლიდერებთან დახურულ შეხვედრებზე და მედიის წინ გაკეთებულ განცხადებებს ორივე მხარე თავის სასარგებლოდ წარმოაჩენს. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ 19 აპრილს ხელმოწერილი დოკუმენტის ავტორმა ყველაზე მეტად ოპოზიცია გააკრიტიკა. „ქართული ოცნება“ განსაკუთრებულ აქცენტს მიშელის გამოსვლის იმ ნაწილზე აკეთებს, სადაც მან ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებს შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდა. მათ შორის ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას – „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც გუშინდელი მოწოდების მიუხედავად, პოზიციის შეცვლას და შეთანხმებაზე ხელის მოწერას ისევ არ აპირებს. თავის მხრივ ხელისუფლებას ოპონენტები მიშელის იმ განცხადებაზე მიუთითებენ, რომელიც უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლის არჩევის გამო უკმაყოფილებას ეხებოდა. მიშელის გუშინდელ გზავნილებს ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერების მკვეთრად ნეგატიური რეაქციებიც მოჰყვა.