მინდა, გარკვევით ვთქვა, კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში კენჭი უყარეს, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, არამედ პირიქით, იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ევრონიუსს“ განუცხადა.
მედიის ცნობითვე, კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სადავო კანონპროექტის გამო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის პროცესი გაიყინოს, მიშელმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ განვითარებას, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს, გადაწყვეტილებაზე გავლენა ექნება.
„გაფართოების პროცესი არის დამსახურებაზე დამყარებული. ეს ყველაფერი დაფუძნებულია იდეაზე, რომ კანდიდატი ქვეყნები – ისინი, ვისაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, პატივს უნდა სცემდნენ ფუნდამენტურ საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს. ისინი მხარს თუ დაუჭერენ კანონპროექტებს, რომლებიც არ შეესაბამება ამ პრინციპებსა და ღირებულებებს, ეს გავლენას მოახდენს პროცესზე“, – განაცხადა შარლ მიშელმა.