პოლიტიკური ვნებათაღელვა მოჰყვა პარლამენტის თავმჯდომარის ახალ წერილს.
შალვა პაპუაშვილის მიმართვის ადრესატები ისევ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. ამჯერად მიზეზი ის ფორმატია, რომელიც ევროკომისიის ცხრაპუნქტიან დავალებაზე სამუშაოდ შეიქმნა. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, რომელიც პარლამენტთან თანამშრომლობს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მას შემდეგ დატოვა, რაც ცხრა რეკომენდაციის შესასრულებლად მრავალპარტიულ ფორმატში მუშაობა დაიწყო. ბოლო წლების ყველაზე კრიზისული მოვლენების გაანალიზების ფონზე პარლამენტის სპიკერი უცხოეთიდან დაფინანსებულ და პოლიტიკურად აქტიურ ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს რადიკალური პროცესების ხელშეწყობაში ადანაშაულებს. პაპუაშვილი ინიციატივით გამოდის, რომ საქმიანობის გამჭვირვალობისთვის დონორების და დაფინანსების გასაჯაროება მოხდეს. ამ მიზნით ის სამოქალაქო სექტორს რვა წლის წინ ხელმოწერილი და მოგვიანებით გაუქმებული დეკლარაციის აღდგენასაც სთავაზობს. ოპოზიცია მმართველი გუნდის ლიდერის გზავნილებს მიღმა სამოქალაქო სექტორის კონტროლის მცდელობას ხედავს.