შეუძლებელია, ევროპას მშვიდობის პროექტად წარმოაჩენდე და ამავდროულად, ევროპის სახელით, ქვეყანაში არეულობას თესდე – ასე ეხმაურება შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს. ის წერილს აქვეყნებს, რომლითაც აღნიშნულ დელეგაციას განუმარტა, თუ რატომ უთხრა მათ შეხვედრაზე უარი. საქართველოსადმი მრავალჯერ გამოვლენილი არამეგობრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, დელეგაციის ზოგიერთ წევრს სხვა მოლოდინი არც უნდა ჰქონოდა. აშკარაა, რომ ვიზიტის მთავარი საფუძველი პოლიტიკური მიკერძოებულობაა და ამას ყველა ხედავს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს დელეგაციის ზოგიერთი წევრი და სხვა უცხოელი პოლიტიკოსები მუდმივად და მიზანმიმართულად არღვევდნენ საქართველოს კანონმდებლობას საქართველოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ მიმართული საჯარო კამპანიის წარმართვისა და ოპოზიციის მხარდაჭერის გზით, რითიც მოქალაქეების ნებაზე უკანონო ზემოქმედებას ცდილობდნენ.
საქართველოს კონსტიტუცია და საარჩევნო კანონმდებლობა კრძალავს არჩევნებში უცხოურ ჩარევას, რაც უხეშად იყო უგულებელყოფილი. არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებში, განსაკუთრებით კი ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებში უშუალო მონაწილეობით, ამ პოლიტიკოსებმა უხეშად დაარღვიეს ჩაურევლობის პრინციპი, რაც გაერო-ს წესდებით განმტკიცებული საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმაა. აღნიშნულია წერილში.