ამერიკის სენატორებმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ისინი ადმინისტრაციას, საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას სთხოვენ, 2024 წლის არჩევნებისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, სენატორების წერილის ასლი მოიპოვეს. „საქართველო გზაჯვარედინზეა და საქართველოს დემოკრატიის წარმატება ჩვენს (შეერთებული შტატების) ეროვნულ ინტერესებში შედის. საქართველოს სუვერენიტეტისადმი და ევროკავშირსა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე, კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა კვლავ ძლიერია. მაგრამ, მთავრობის ბოლოდროინდელი უკუსვლა გვაიძულებს ადმინისტრაციას ვთხოვოთ, საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ზომები მიიღოს“, აცხადებენ სენატორი რიში და სენატორი შაჰინი. სენატორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ტენდენციის მაჩვენებელია ისიც, რომ ევროკომისიამ არჩია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინა მაშინ, როცა ჩათვალა, რომ უკრაინა და მოლდოვა ამ სტატუსისთვის მზად იყვნენ. შაჰინისა და რიშის წერილს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.