საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2020 წლის ბიუჯეტში ნაშთის სახით დარჩენილი 132 ათასი ლარიდან 82 ათასი ბიუჯეტში დატოვა, 50 ათასი ლარი კი თითოეულ მათგანზე თანაბრად ჰონორარის სახით გადანაწილდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბორდის თითოეული წევრი 5 ათას 610 ლარს მიიღებს. გადაწყვეტილება საბჭომ 18 დეკემბრის სხდომაზე მიიღო. იდეას მხარი 9-დან 7-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ორი, გია მურღულია და მიხეილ ჩიკვილაძე წავიდნენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ საბჭოს ნაშთი ბიუჯეტში სრულად უნდა დაებრუნებინა, თუმცა ბორდის სხვა წევრებმა ეს ინიციატივა არ გაიზიარეს. იდეის მომხრეებმა საკითხის მხარდაჭერა იმით ახსენეს, რომ ბორდის თითოეული წევრი ამ თანხის დახარჯვას სრულად საქველმოქმედო მიზნით – მაუწყებლის თანამშრომელთა სამედიცინო საჭიროებებისთვის გეგმავს.