პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის ანგარიში განიხილეს.
დეპუტატებს ანგარიში სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ წარუდგინა. ირინა ფუტკარაძის თქმით, სხვა წლებისგან განსხვავებით ანგარიში დეტალურია და მასში ყველა გადაცემის შესახებ კონკრეტული ინფორმაციაა. ბორდის თავმჯდომარის მხრიდან აქცენტი გაკეთდა ტელესკოლაზე, არხის ტექნიკური გადაიარაღების მნიშვნელობაზე და ახალი შენობის მშენებლობის საკითხზე, ასევე არჩევნების გაშუქების პროცესზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშის მიხედვით, საინფორმაციო პროგრამებში საარჩევნო სუბიექტები შუქდებოდა მათი აქტივობების შესაბამისად, ერთმანეთის მიმართ მკვეთრად პოლარიზებული საარჩევნო აქტორების ფონზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გაშუქების ტონი ნეიტრალური იყო. გასულ წელს მაუწყებლის ბადეში 37 ორიგინალური პროდუქტი იყო გაშვებული.
მრავალფეროვანი იყო საქართველოს რადიოს საეთერო ბადეც, სადაც 30 გადაცემა და ოთხი სპეციალური პროექტი განხორციელდა.