განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2023 წლის ანგარიში განიხილა და მხარი დაუჭირა.
დოკუმენტი დეპუტატებს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ წარუდგინა. ყურადღება გამახვილდა მაუწყებლის ახალ შენობაზე, ამ მიმართულებით დახარჯულ ფინანსებზე და გასულ წელს ჩატარებულ აუდიტზე.
ვასილ მაღლაფერიძის თქმით, შემოწმების შედეგად 2023 წელს მაუწყებლის მისამართით არცერთი შენიშვნა არ გამოთქმულა. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ტელევიზიის ახალი შენობის მშენებლობა 28 აგვისტოს ოფიციალურად დასრულდება და ახალ შენობაში უპრეცედენტო მასშტაბისა და სიდიდის პავილიონები იქნება, რომელიც, მათ შორის, ფილმების გადასაღებად დიდი ბაზა გახდება.
სიტყვით გამოსვლის დროს ვასილ მაღლაფერიძემ აქცენტი სპორტული არხის მნიშვნელობაზეც გააკეთა.
კომიტეტის წევრები ძირითადად საბავშვო და ახალგაზრდული გადაცემებით, ტელესპექტაკლებით და არქივის გაციფრულების საკითხით დაინტერესდნენ.