საქართველოს ტელევიზიის 65 წლის იუბილეს პირველი არხი ყველაზე მასშტაბური პროექტით ხვდება.
ახალ მისამართზე 2021 წლისთვის დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები შესრულებულია. ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის 30 დეკემბერს, ტელევიზიის დაბადების დღეს ახალი შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. ამ დღიდან სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კოვიდ-პანდემიის გამო დაწესებული რიგი შეზღუდვების მიუხედავად, მშენებლობა არც ერთი დღით არ შეჩერებულა. იყო შემთხვევები, როდესაც პროცესი უწყვეტად, 24-საათიანი რეჟიმით მიმდინარეობდა. შედეგად, ერთი წლის თავზე სატელევიზიო კომპლექსის მთავარი შენობისა და პავილიონების კარკასი თითქმის დასრულებულია. ჯამში ინვესტირებულია 16 მილიონ ლარამდე თანხა. პროცესი უკვე ფასადის მოპირკეთების სამუშაოებზე გადადის. პარალელურად, იწყება შიდა სამუშაოები. ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობა 16 თვეში დასრულდება. ამასთან, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 79 ხმით, ორის წინააღმდეგ სახელმწიფო ქონების შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომლის თანახმად, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებულ სახელმწიფო ქონების შემძენ პირთა ჩამონათვალს ემატება საზოგადოებრივი მაუწყებელი. აღნიშნული ქონება, მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა მხოლოდ სარგებლობის უფლებით აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს გადაცემული. აღნიშნული ცვლილებით, შესაძლებელი გახდება ეს ფართი მთლიანად განკარგვის უფლებით, გადაეცეს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რითაც მოხდება მისი დამოუკიდებლობის რეალური უზრუნველყოფა.