საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო, ევროპის მაუწყებელთა კავშირის კიდევ ერთ ინიციატივას უერთდება.
56 რადიომაუწყებლის ეთერში დღეს ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია აჟღერდა. გერმანელი კომპოზიტორის მიერ შექმნილი ბოლო კომპოზიციით ევროპამ დღეს კიდევ ერთხელ თქვა – „არა ომს“. ეს იყო მშვიდობისა და ერთიანობის გზავნილი და სოლიდარობა ომში მყოფი უკრაინის მიმართ.
ბეთჰოვენის „მეცხრე სიმფონია“ ევროპისთვის ისტორიულად გადამწყვეტ მომენტებში არაერთხელ გაჟღერებულა. მათ შორის 1989 წელს, როდესაც ბერლინის კედელი დაინგრა. უკვე დღეს კი სიმფონიის ბოლო ნაწილს „სიხარულის ოდას“ ერთდროულად 33 ქვეყანაში კიდევ ერთხელ მოუსმინეს.