არასახარბიელო აღმოჩნდა ახალი პოლიტიკური რეიტინგები მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის.
თუ „ენდიაის“ მიერ ივლის-აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს დავეყრდნობით, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის არც მმართველი პარტია და არც ოპოზიციური ძალები მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. რაც შეეხება პარტიების მხარდაჭერის მაჩვენებელს, თებერვალთან შედარებით ერთი პროცენტით არის შემცირებული „ქართული ოცნების“ მაჩვენებელი, მას თითქმის სამჯერ ჩამორჩება „ნაციონალური მოძრაობა“. ოპოზიციურ ამომრჩეველში სკეპტიციზმის და უნდობლობის გაზრდას ოპოზიციური პარტიები თავადაც აღიარებენ, მთავარ მიზეზად კი მხარდამჭერთა მთავარი დაკვეთის, ანუ ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნის ვერ შესრულებას ასახელებენ. „ქართული ოცნების“ შეცვლის გეგმა ახლაც ოპოზიციის ნაწილის დღის წესრიგში რჩება, თუმცა რა გზით და სტრატეგიით ესახებათ მიზნის მიღწევა – ამ საკითხის გარშემო გაერთიანება და ერთიანი კოორდინაცია კვლავ მიუღწეველ ამოცანას წარმოადგენს. მიზნამდე მისასვლელი გეგმების გარშემო აზრთა სხვადასხვაობაა.