რატომ არ იკლებს საქართველოში საწვავის ფასი – პრემიერის დავალების შემდეგ მთავრობის ეკონომიკური გუნდი მიზეზების გარკვევას მსხვილ იმპორტიორებთან პირადად ცდილობს. მითუმეტეს კონკურენციის სააგენტოს მიერ ჩატარებული მონიტორინგის შემდეგ, რომელმაც აჩვენა, რომ აპრილში ბენზინის გაიაფების რესურსი იყო. ამ რესურსს სააგენტო ახლაც ხედავს, თუმცა ეს პოზიცია არ ემთხვევა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლების ხედვას. იმპორტიორები განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე საწვავის ფასის შემცირება არ შეუძლიათ. მიზეზად საერთაშორისო ბაზარზე უმაღლეს ნიშნულამდე გაზრდილი ფასები სახელდება.