სავიზო შეზღუდვები - შეფასებები

აშშ-ის მხრიდან სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტის გამოცხადების ფაქტი კვლავ განხილვის საგანია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ოფიციალური ვაშინგტონის მკაფიო გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა განაპირობა. მათივე შეფასებით, სანქცირებულთა სია გაფართოვდება, შტატების შემდეგ კი სახელისუფლებო გუნდს შეზღუდვები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან დაუწესდებათ.

შეგახსენებთ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციები 30-მდე ადამიანს 6 ივნისს დაუწესა. ცნობილია, რომ შეზღუდვები „ქართული ოცნების“ წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს ეხება, თუმცა, კონკრეტული სახელები და გვარები უცნობია, რადგან სიას სახელმწიფო დეპარტამენტი არ ასაჯაროებს.