„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არაერთხელ ახსენეს სხვა კონტექსტშიც. მმართველმა გუნდმა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები გაიხსენა, რაზეც „ქართული ოცნების“ განცხადებით, მაშინ სტრატეგიულ პარტნიორს თანამდებობის პირებისთვის სანქციების დაწესების სურვილი არ გასჩენია. ამიტომ „ქართული ოცნება“ დასავლეთს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს და ერთ-ერთ არგუმენტად საფრანგეთში ახლახან მიღებული კანონიც მოჰყავს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებისა და ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, დღეს საქართველოს 30-მდე მოქალაქეა დასანქცირებული, რომელთა ვინაობა უცნობია. ოპოზიცია ვარაუდობს, სანქცირებულთა სია გაფართოვდება და სერიოზული პრობლემები არა მხოლოდ კონკრეტულ პირებს, არამედ საქართველოს ეკონომიკასაც შეექმნება.