სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა

მეორე დღეა შეფასებების თემაა ამერიკის ელჩის განცხადება სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით და სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემები. ელჩმა სანქციებთან დაკავშირებით გუშინ ისაუბრა და განმარტა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შესაცვლელად საჭირო ინსტრუმენტია. ასევე გამოქვეყნდა სავიზო სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, 172-ე ადგილი გვაქვს 204 ქვეყანას შორის – საქართველოს მოსახლეობა შეერთებული შტატების ვიზას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით იღებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის მონაცემებით, ყოველ მეორე ქართველს შტატები ვიზაზე უარს ეუბნება. ამ კუთხით, საქართველოზე გაცილებით პოზიტიური მაჩვენებელი აქვს რუსეთს, ბელორუსს, სირიას, მოზამბიკსა და ავღანეთსაც კი. ამერიკა საკუთარ ტერიტორიაზე შესვლის უფლებაზე უარს საქართველოდან მსურველების თითქმის 50 პროცენტს ეუბნება.