ისევ ფარული მასალები – კომპრომატების ომი ამ არჩევნების წინაც აქტუალურია.
ერთ-ერთ ვებ-პორტალზე დოკუმენტური ფაილები ქვეყნდება, რომლებიც სუს-იდან გაჟონილი სავარაუდო ფარული მიყურადების მასალებად არის წარმოდგენილი. სხვადასხვა თარიღით დანომრილ ფაილებში მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სატელეფონო კომუნიკაციაზე, ასევე მათ ინტერესებსა და პირად ურთიერთობებზეა საუბარი. ფიგურირებს რამდენიმე არასრულწლოვანიც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით პირველი არხი შეგნებულად თავს იკავებს მათი შინაარსის დაკონკრეტებისა და გავრცელებისგან. უკანონო მოსმენებსა და თვალთვალზე პოლიტიკური ურთიერთბრალდებების პარალელურად სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი წერილობითი მასალების ავთენტურობის დასადგენად გამოძიების სასწრაფოდ დაწყებას ითხოვს.
ამ დრომდე უცნობია, დაინტერესდა თუ არა პროკურატურა დღეს გავრცელებული მასალებით.