საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა.
„აი-ემ-ეფი“ წელს საქართველოში 4.8%-ის ნაცვლად, 5.7%-ის ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამის შესახებ განცხადება სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან და ფინანსთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განმარტებით, სხვადასხვა პოზიტიური ფაქტორის, მათ შორის ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამ გააუმჯობესა ზრდის მოლოდინი. განახლებული პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა რეგიონში ყველაზე მაღალი ტემპით გაიზრდება.