თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალზე წარმოდგენილია თბილისის მასშტაბით არსებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების გამომცემლობებისა და მათი პროფესორების ავტორობით 2018-2023 წლებში გამოცემული სამეცნიერო წიგნები. პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი 380 წლის წინ, 1643 წელს იტალიაში მარიო მაჯიომ გამოსცა – „ქართული ენის გრამატიკა“, რომელიც ქართულ ენაზე შესრულებული პირველი სამეცნიერო ნაბეჭდი წიგნია. ხოლო 315 წლის წინ, 1708 წელს, საქართველოში მეფე ვახტანგ VI-ის თაოსნობით პირველი ქართული სტამბა შეიქმნა. სწორედ ქართული წიგნის ისტორიისთვის ამ ორ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ტარდება ფესტივალი.