საშობაო ალილო იმართება რეგიონებში

ტრადიციული საშობაო ალილო გაიმართა ბათუმში. მეალილოეებმა მსვლელობა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყეს და ბათუმის ქუჩები მოიარეს. სასულიერო პირებმა ქალაქი საგალობლების ფონზე აკურთხეს. შეგროვილ ნობათს ალილოს მონაწილეები ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფრებს გადასცემენ.

საშობაო ალილო გაიმართა გურიაში. ოზურგეთში, შობის მახარობლებმა მსვლელობა საკათედრო ტაძრიდან დაიწყეს. ალილოს სასულიერო პირებთან ერთად ხელისუფლების, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები შეუერთდნენ. დღესვე ოზურგეთის მერიის წინ ანსამბლ „ზენაარის“ მონაწილეობით ქორეოგრაფიული ნომრებიც შესრულდა. ალილოზე შეგროვებული პროდუქტები და საჩუქრები მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, ხანდაზმულებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ.

საშობაო მსვლელობა გაიმართა ზუგდიდშიც. მღვდელმსახურებმა მრევლთან ერთად, მსვლელობითა და გალობით ქალაქის ცენტრალური ნაწილი მოიარეს. მოსახლეობამ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ ტკბილეული და სანოვაგე გადასცეს. მსვლელობა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში დასრულდა, სადაც მრევლს ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე შარაშენიძე დახვდა, რომელმაც პარაკლისი გადაიხადა.