რა ცვლილებებია გასატარებელი საქართველოს სასამართლო სისტემაში იმისთვის, რომ დაკმაყოფილდეს ევროკომისიის რეკომენდაცია.
საკითხზე საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრები მსჯელობენ. საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრას ესწრება ოპოზიციის ნაწილიც. სამუშაო ჯგუფს შეფასების ორი დოკუმენტი წარედგინა. ერთი პარტია „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის, მეორე კი პარტია „მოქალაქეებს“. სამუშაო პროცესის ფარგლებში ჯგუფის წევრები შეხვედრებს გამართავენ სასამართლო სისტემის წარმომადგენლებთან და არასამთავრობო სექტორთან. საბოლოოდ გეგმის მიხედვით ცვლილებების დოკუმენტი პირველი ოქტომბრისთვის უნდა მომზადდეს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ 2012 წლიდან ქვეყანაში გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები, თუმცა არსებობს გამოწვევები და მზად არიან მოისმინონ არგუმენტირებული შენიშვნები. „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ შეფასების დოკუმენტს „საინფორმაციოს“ უწოდებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ლევან იოსელიანი, რომელმაც ჯგუფს საკუთარი დოკუმენტი წარუდგინა. შეფასებაში საუბარია სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე და ცვლილებებზე თითქმის ყველა მიმართულებით. იოსელიანის თქმით, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ ანგარიშში ხარვეზებზე ლაპარაკი არა არის.