სასამართლო რეფორმის კანონპროექტის განხილვა  

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებულმა კანონ-პროექტმა ყოფილ თანაგუნდელებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარე განხილვა დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელიც ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძეს და ვანო ზარდიაშვილს შორის მოხდა. ზონდერი, „ქართული ოცნების“ მესაფლევე, სასამართლო კლანის ლობისტი, კორუმპირებული – ასეთი ეპითეტები ისმოდა დღეს დარბაზში. უმრავლესობის წევრები ცდილობდნენ, ძველი თანაგუნდელები, ოპოზიცია და მესამე სექტორი დაერწმუნებინათ, რომ ირაკლი კობახიძის და ექვსი დეპუტატის მიერ დაწერილი კანონ-პროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის გამჭვირვალე პროცესს უზრუნველყოფს. თუმცა არგუმენტები დამაჯარებელი არ აღმოჩნდა ოპონენტებისთვის, რომლებიც პროექტს იუსტიციის საბჭოს და მოსამართლეთა ერთი ჯგუფის ინტერესებზე მორგებულად მიიჩნევენ.