ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი დღეს უკვე მეოთხედ გადაიდო, თუმცა ამჯერად მხოლოდ რამდენიმე საათით. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ შესვენება რამდენიმე საათით გამოაცხადა და ბათუმის მერიის წარმომადგენელს მოუწოდა, გაარკვიოს საბოლოოდ არის თუ არა მზად მერია მუსლიმ თემთან მოლაპარაკებისთვის.
მერიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ სურთ მოლაპარაკება, თუმცა რატომ არ შედგა აქამდე შეხვედრა მუსლიმ თემთან, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
მოლაპარაკების მომხრეა მუსლიმი თემიც, თუმცა ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ მერიაში საკითხის გადაწყვეტის ნება არ არსებობს.
2017 წელს მუსლიმმა თემმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მეჩეთის მშენებლობის ნებართვის პირველ ეტაპზე მერიის მხრიდან უარი გაასაჩივრა.
საქმის განხილვა ორი წელია მიმდინარეობს. პროცესი, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გაგრძელდება.