ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე საფრანგეთში მასშტაბური სარკინიგზო შეფერხებაა.
ხელისუფლება საბოტაჟის მიზანმიმართულ და კოორდინირებულ აქტებზე საუბრობს და ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელის წინააღმდეგ ვანდალური ქმედებების შესახებ იტყობინება. ოპერატორ კომპანიაში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში ერთდროულად რამდენიმე მავნებლური აქტი განხორციელდა, მათ შორის, ცეცხლი წაუკიდეს ლიანდაგების გასწვრივ ინსტალაციებსა და კაბელებს. თავდასხმები განხორციელდა ხაზებზე, რომლებიც პარიზს ქვეყნის დასავლეთ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებთან აკავშირებს, გაუქმდა სარკინიგზო რეისების ნაწილი, მატარებლების ნაწილი კი გადამისამართდა სხვა მიმართულებებით. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აღდგენითი სამუშაოები, სულ მცირე, მთელი შაბათ-კვირა გაგრძელდება. ოლიმპიადისა და საზაფხულო დასვენებების აქტიურ სეზონზე განსაკუთრებულად დიდი მგზავრთა ნაკადის გათვალისწინებით, შეფერხება ასობით ათას მგზავრს შეეხება. საფრანგეთის სარკინიგზო სისტემის შეფერხებამ პრობლემები შემქნა ასევე გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ბელგიაში. მომხდარის შემდეგ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა განაცხადა, რომ მას ოლიმპიადის მიმდინარეობისას უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით საფრანგეთის ხელისუფლების მიმართ სრული ნდობა აქვს.