საქართველოში ვიზიტით გაერო-ს უშიშროების საბჭოს დელეგაცია იმყოფებოდა
საქართველოში სამდღიანი ვიზიტით გაერო-ს უშიშროების საბჭოს კონტრტერორისტული კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორატის დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უმასპინძლა. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოსა და გაერო-ს შორის დიალოგის გაღრმავება, ქვეყნის მიერ გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების შესრულების მონიტორინგი, ხელშეწყობა და ტერორიზმის გლობალურ საფრთხეებზე ინფორმაციის გაცვლა. ასევე, კომიტეტის ბოლო ვიზიტის შემდეგ, ქვეყნის მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიმოხილვა და იმ სფეროების განსაზღვრა, რომელი მიმართულებითაც საქართველოს სხვა ქვეყნებისთვის შეუძლია საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
საკითხებზე გამართულ დისკუსიებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ტერორიზმის პრევენციისა და მასთან ბრძოლის საკითხებში ჩართული საქართველოს ყველა შესაბამისი უწყების 80-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.