საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს ერთი მილიარდი და 861.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

საქართველოში ყველაზე მეტი ფული დააბანდეს ინვესტორებმა აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ნიდერლანდებიდან და ჩეხეთიდან. მიღებული ინვესტიციების მოცულობით, შემდეგი დარგები ლიდერობს – ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, საფინანსო სექტორი, მშენებლობა, ენერგეტიკა და უძრავი ქონება.

პირველად ინვესტიციების ყველაზე დიდი მაჩვენებელი საქართველოში 2007 წელს დაფიქსირდა – მილიარდ 752 მილიონი დოლარი. შემდეგ 2014 წელს – მილიარდ 817 მილიონი დოლარი. 2017 წელს კი ისტორიული მაქსიმუმია – მილიარდ 862 მილიონი დოლარი. ამასთან, 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება ფიქსირდება სოფლის მეურნეობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის სექტორებში.