კორონავირუსის ინდურმა შტამმა საქართველოშიც შემოაღწია.
დაფიქსირებულია „სარს კოვ-2“-ის ხუთი შემთხვევა. ინფორმაცია საათნახევრის წინ დადასტურდა. საეჭვო შტამს, რომელიც სავარაუდოდ ბრიტანულ შტამზე უფრო მეტი გადამდებლობით გამოირჩევა, დაავადებათა კონტროლის ცენტრში რამდენიმე დღის განმავლობაში იკვლევდნენ. ინფიცირებულია სხვადასხვა ქვეყნის ხუთი მოქალაქე, რომელთაგან სამმა საქართველო უკვე დატოვა. დანარჩენი ორი იზოლირებულია. ინდური სახეობის გარდა მსოფლიოსთვის შესაძლოა კიდევ ერთ გამოწვევად იქცეს „კოვიდ 19“-ის კიდევ ერთი ახალი შტამი, რომელიც საფრანგეთშია დადასტურებული და რომელიც შესაძლოა „პისიარ“-ტესტირების შედეგად ვერ ვლინდებოდეს. სწორედ კორონავირუსის მუტაციის და ახალი შტამების გავრცელების ფონზე ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის მთავარი მოწოდება ვაქცინაციის ტემპების დაჩქარებაა. ამ გზავნილით ჩამოვიდა საქართველოში ჯანმო-ს წარმომადგენელიც, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს ეცნობა.