საქართველოში COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

15 მარტი ისტორიული დღეა საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლაში.

ორი კვირით დაგვიანებული ვაქცინაცია დაიწყო. ამ წუთის მონაცემებით უკვე აცრილია სამედიცინო პერსონალის 668 წარმომადგენელი. კოლეგებისთვის მაგალითის მისაცემად დილიდან წამყვანი ეპიდემიოლოგები და ექიმები ვაქცინას პირდაპირ ეთერში იკეთებენ. „კოვაქს“ პლატფორმიდან მიღებული „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა თბილისსა და რეგიონებშია განაწილებული. ამ მომენტისთვის დარეგისტრირებულია და საკუთარ რიგს ელოდება 4 202 სამედიცინო მუშაკი. სამხრეთ კორეაში წარმოებული ბრიტანულ-შვედური ვაქცინა ორ დოზად 8-დან 12 კვირამდე ინტერვალით კეთდება. სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილი პირველი პარტია ბოლომდე უნდა ამოიწუროს, მეორე დოზისთვის კი აპრილში მისაღები მარაგია გათვალისწინებული. აცრა ნებაყოფლობითია, თუმცა ექიმებს კოლეგების აქტიურობის იმედი აქვთ, რადგან პანდემიის დასრულების მთავარ იარაღად სწორედ ვაქცინაცია სახელდება.

ეპიდემიოლოგები „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში სიცოცხლისთვის საშიშ გვერდით ეფექტებს გამორიცხავენ.